ევროპული გზა რეკომენდაციების შესრულებაზე გადის და არა ორბანზე – ოპოზიცია | 11.10.2023

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ცერემონიის შემდეგ ორბანმა და ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრა გამართეს.

ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე უნგრეთის პრემიერის ვიზიტს საქართველოში დადებითად აფასებს მმართველი პარტია. “ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ ამ პერიოდში, როდესაც საქართველოს საკითხი კვლავ უნდა დადგეს ევროკავშირის დღის წესრიგში, უნგრეთი არის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე.

ხელისუფლებისგან განსხვავებით ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ევროპული გზა რეკომენდაციების შესრულებაზე გადის და არა ორბანზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. ოპოზიციაში ამბობენ რომ “ქართული ოცნება” ამ ვიზიტითაც პრორუსულ განწყობებს ავლენს, რადგან ორბანი პუტინის და ღარიბაშვილის საერთო მეგობარია.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად გუშინ ჩამოვიდა. ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გარდა ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრისა, ხვალ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა შედგება, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ხვალვე დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების მიერ ერთობლივი განცხადება.