ხსნის თუ არა რუსეთი ოჩამჩირეში საზღვაო ბაზას – ოპოზიცია „ოცნებას“ აკრიტიკებს, „ოცნება“ – ევროკავშირს | 06.10.2023

რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას საქართველოს, ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნამ. აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ბოკუჩავამ „ოცნების“ ხელისუფლებაც გააკრიტა და თქვა, რომ სახელისუფლებო პარტიის მხრიდან საკითხზე შესაბამისი რეაქცია არ ყოფილა. ბჟანიას განცხადებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა და თავდაცვის სფეროს სპეციალისტებმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ რუსული საფრთხისგან თავის დაცვა მხოლოდ ნატო-ში გაწევრიანებით და ქვეყანაში თავდაცვისუნარიანობის გაზრდით არის შესაძლებელი. მისი თქმით, ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნა იმ ფონზე ხდება, როცა რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ე.წ „პრაგმატულობის“ გამო აქებს. ბოკერია ამბობს, რომ ასეთი ხელისუფლება დემოკრატიული გზით აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ რუსეთზე ზემოქმედებისთვის საერთაშორისო პარტნიორების სათანადო მხარდაჭერაა საჭირო. შალვა პაპუაშვილმა დღეს თქვა, რომ ევროკავშირი ოფიციალურ დოკუმენტებში სიტყვა ოკუპაციას არ ახსენებს და ხშირად, სახელმწიფო საზღვრად ე.წ გამყოფ ხაზს მიიჩნევს. პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირმა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას.

ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება პროვოკაციაა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტის და საქართველოს ევროპული გზისთვის. პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოს პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდების მუდმივი ბაზირების პუნქტი გაჩნდება, გუშინ გახდა ცნობილი. შესაბამისი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში გააკეთა. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანიამ თქვა, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება “და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს”.