სამდღიანი ხმაურიანი განხილვა – „ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად აღარ მიიჩნევს | 05.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე განხილვა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა მხარეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. “ქართული ოცნება” სამი დღის განმავლობაში ცდილობდა საკონსტიტუციო სასამართლოში დაამტკიცებინა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობას აღარ იმსახურებს და მან კონსიტიტუცია უხეშად დაარღვია.

თავად პრეზიდენტი პროცესებს არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავდნენ. პრეზიდენტის წარმომადგენლების თქმით, მოწინააღმდეგე მხარე სხდომაზე პროვოკაციულ კითხვებს სვამდა. რასაც კონსტიტუციის წარდგინების ავტორები არ ეთანხმებოდნენ.

სასამართლო სხდომაზე პრეზიდენტის წამომადგენლებმა გაახმოვანეს სალომე ზურაბიშივლის შეტყობინება. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლავროვს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა. რომელიც პრეზიდენტმა გუტერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს.

მხარეებს შორის სიტუაციის განმუხტვას რამდენჯერმე შეეცადა პლენუმის თავმჯდომარე მერაბ ტურავა. სხდომის მონაწილეებს ტურავამ რამდენჯერმე მიმართა, რომ თაავი შეეკავებინათ რადგან სასამართლოს საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებს და ჰგონიათ, რომ სასამართლოში ცირკი და სანახაობაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლე სამი დღის განმავლობაში უსმენდა საპარლამენტო უმრავლესობის, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა საზღვარგარეთ.

სახელისუფლო პარტია დარწმუნებულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას, მთავრობასთან შეუთანხმებლად ქვეყნის გარეთ შეხვდეს სხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს.

საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში საკონსტიტუციოს 10-წლიანი სამოსამართლეო სტაჟის მქონე იურისტი მაია კოპალეიშვილი და მოქმედი კონსტიტუციის თანაავტორი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი წარმოადგენენ. ისინი ეცადნენ, 9 მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომლის დარღვევასაც პრეზიდენტს ედავებიან, მხოლოდ იმ შემთხვევებს განსაზღვრავს, როცა პრეზიდენტი მთავრობის წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.