ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდების მუდმივი ბაზირების პუნქტი გაჩნდება. შეთანხმება უკვე ხელმოწერილია. შესაბამისი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ,რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში გააკეთა. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება “და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს”.
ამავე ინტერვიუში ბჟანიამ ისევ შეაქო “ქართული ოცნება” და მის პოლიტიკას პრაგმატული უწოდა. ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ დაინტერესებულია, ბელარუსთან რუსეთის საკავშირო სახელმწიფოს შუერთდეს.
4 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებები გამართა ეგრეთწოდებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან, რომელზეც მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ბჟანიას პუტინთან შეხვედრამდე, 3 ოქტომბერს, სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და და ბჟანიას მოლაპარაკებები გაიმართა. ასლან ბჟანიამ ლავროვს ორდენი გადასცა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასა და აფხაზურ–რუსული ურთიერთობების განვითარებასა და გამტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტგრო შეშფოთებას გამოთქვამს სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ. უწყება რუსეთის ქმედებებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად და მორიგ პროვოკაციად აფასებს და მოუწოდებს ოკუპანტს, შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია.
2000–იანი წლებში ოჩამჩირის კონცხი რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის სამხედრო კატერების და სამოქალაქო გემების ბაზირებისთვის გამოიყენებოდა. 2009 წლის იანვარში ბაზა რუსეთს გადაეცა. ახლა იქ საპატრულო და ეფესბეს სანაპირო დაცვის გემებია.