დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია – მეორე დღეა 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციის წარმდგენებსა და პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტებს უსმენს. დღეს წარდგინების ერთ-ერთმა ავტორმა, ირაკლი კობახიძემ მოსამართლეების შეკითხვებს უპასუხა.
მოსამართლეებს აინტერესებდათ რა იყო მათი მოტივაცია იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის დროს, რაზეც ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა გარდა პოლიტიკური მოტივისა, მათ ჰქონდათ სამართლებრივი მოტივიც, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს, რომ არსებული სისტემა საპარლამენტოა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება შეიჭრას საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში.
“ოცნების” თავმჯდომარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეებს მიმართა და უთხრა, რომ თუ სასამართლო დადებით დასკვნას არ დადებს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პრეზიდენტს შეეძლება, შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას ადრეც არღვევა, თუმცა როდესაც ამან სისტემატური სახე მიიღი სწორედ მაშინ წამოიწყეს იმპიჩმენტის პროცედურა.
სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და ირაკლი კობახიძეს შორის მცირე დაპირისპირება იყო. მას შემდეგ, რაც “ოცნების” თავმჯდომარემ პრეზიდენტის მისამართით სიტყვა საბოტაჟი გამოიყენა, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მომხსენებელმა მთავარსარდალი ასეთი სიტყვებით არ უნდა მოიხსენიოს.
ხმაურის ფონზე გაგრძელდა სალომე ზურაბიშივლის წარმომადგენლების მოსმენა. პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში იმ ვიზიტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, რომელთა გამართვის თაობაზეც პრეზიდენტს მთავრობისგან ნებართვა არ ჰქონდა.
როგორც ჩუგოშვილმა თქვა, ზურაბიშვილმა შეხვედრებზე საუბრისას იხელმძღვანელა იმ სასაუბრო თემების ჩარჩოთი, რომელიც ასეთი შემთხვევებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს შედგენილი. ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტმა ევროპაში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა ორ თემაზე – საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლე ორი დღის განმავლობაში უსმენდა საპარლამენტო უმრავლესობის, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა საზღვარგარეთ.
საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში საკონსტიტუციოს 10-წლიანი სამოსამართლეო სტაჟის მქონე იურისტი მაია კოპალეიშვილი და მოქმედი კონსტიტუციის თანაავტორი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი წარმოადგენენ. ისინი ეცადნენ, 9 მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომლის დარღვევასაც პრეზიდენტს ედავებიან, მხოლოდ იმ შემთხვევებს განსაზღვრავს, როცა პრეზიდენტი მთავრობის წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.