ხმაური ბიუროზე – უმრავლესობა ე.წ „კარვების კანონს“ დაჩქარებული წესით განიხილავს | 02.10.2023

ხმაური იყო დღეს ბიუროს სხდომაზე, სადაც დეპუტატები „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან და მისი დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანონპროექტი გააკრიტიკეს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ კანონპროექტი კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟია და მმართველ პარტიას შესთავაზა, რომ ამ ეტაპზე არ დააინიცირონ ცვლილებები ან არ განიხილონ დაჩქარებული წესით და პროცესში ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია ჩაერთოს.

მმართველი პარტიის წევრებმა არ გაიზიარეს თინა ბოკუჩავას ინიციატივა და კანონპროექტი დაჩქარებული წესით განსახილველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს გადაეცა. ხმაურიანი განხილვის შემდეგ, სადავო კანონპროექტს მხარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც დაუჭირა. კანონპროექტი ამის შემდეგ პლენარულ სხდომაზე გავა.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა. კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი – 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი.