პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ განიხილავს. 3 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის 5 დეპუტატი წარსდგება – ირაკლი კობახიძე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი. სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება სალომე ზურაბიშვილსაც.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა ამბობს, რომ ხვალ იმპიჩმენტის წარდგინების არსებით განხილვაზე პრეზიდენტის დასწრება კარგი იქნება, რადგან ეს მათ დასკვნის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. ტურავას თქმით, სასამართლოს შეუძლია, პროცესზე დასწრება პრეზიდენტის უარის მიუხედავად მოითხოვოს, თუმცა ვარაუდობს, რომ ამის საჭიროება არ იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან. საქმე ეხება, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ევროპაში ზურაბიშვილის ვიზიტებს, სადაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა.
იმ დროს, როდესაც “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის გამო იმპიჩმენტს უცხადებს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ამ საკითხის განხილვაში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა.
იოსელიანის თქმით, ომბუდსმენს „სასამართლოს მეგობრის“ მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა გააჩნია, რასაც იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მას ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს და სახალხო დამცველის აპარატი გადაწყვეტს, რომ იმპიჩმენტით კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებები ირღვევა.
“ქართული ოცნების” მხრიდან წამოწყებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ოპოზიციისთვის ევროინტეგრაციისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ოპოზიციის დიდი ნაწილი ზურაბიშივლის იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ აპირებს.
დაარღვია თუ არა კონსტიტუციის 52-ე მუხლი საქართველოს პრეზიდენტმა – ამ კითხვაზე პასუხი 9 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა გასცეს. არ არის გამორიცხული, დასკვნა ხვალვე იყოს მზად. რეგლამენტის მიხედვით, სხდომას უნდა დაესწრონ, როგორც კონსტიტუციის წარდგინების ავტორები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი, ან მათი წარმომადგენლები. თუ მოსამართლეები კონსტიტუციის დარღვევას დაადგენენ, საკითხი პარლამენტში გადაინაცვლებს. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობას სრული მობილიზების შემთხვევაშიც კი მმართველ პარტიას მხოლოდ 84 ხმა ექნება, ამიტომ ოცნებას პრეზიდენტის გადასაყენებლად ერთი ან რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა დასჭირდება. ოპოზიციის დიდი ნაწილი კი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს.