პრეზიდენტის იმპიჩმენტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან კავშირში არ არის – ღარიბაშვილი | 28.09.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან კავშირში არაა. პრემიერის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ხელისუფლების ვალდებულება იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, გაერკვეს რომელია “მისი პირველი სამშობლო”. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილს “სტატუსის მისაღებად არაფერი გაუკეთებია”, მეტიც მთავრობის მეთაურის მტკიცებით, პრეზიდენტმა საფრანგეთის დარწმუნებაც კი ვერ შეძლო.

“შტურმი კონსტიტუციაზე” – ასე შეაფასეს “ქართულ ოცნებაში” მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტის მიერ ევროპაში განხორციელებული ვიზიტები. მმართველი პარტიის ლიდერების თქმით, პრეზიდენტის ვიზიტები ქვეყნისთვის დამაზიანებელია, რადგან ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები გაუგონარი აბსურდია. „ქართულ ოცნებას” ზურაბიშვილის ევროპაში შეხვედრების პარალელურად, რომლის მთავარი მიზანი, საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერაა, იმპიჩმენტის პროცედურა აქვს დაწყებული.

“ქართული ოცნებისგან” განსხვავებით ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ძალიან მნიშვნელოვანია, იმპიჩმენტს კი ისინი მხარს არ დაუჭერენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტები დაასრულა. 27 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ტვიტერის ანგარიშზე დაწერა, რომ ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით. ლიეტუვამდე სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთისა და ლატვიის ქვეყნების პირველ პირებთან გამართა შეხვედრა.

მთავრობის უარის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილის მიერ აქამდე განხორციელებული ევროპული ვიზიტები უკვე გახდა მისი იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.