კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტის კონსერვატორიასთან | 27.09.2023

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქცია გამართეს. ისინი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების გაუქმებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს არის წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება და საფრთხე ექმნება მორიგ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასწავლებლის ფუნქციონირებას. კონსერვატორიასთან მიმდინარე აქციაზე, გია ყანჩელის მეუღლეც მივიდა, ვალენტინა ჯიქიას თქმით, ამ აქციაზე გია ყანჩელი პირველი მივიდოდა.

სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები 10 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. 26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურები შეწყდა. მინისტრის ბრძანებით გაუქმდა არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება.

20 სექტემბერს, პარლამენტში, მინისტრის საათზე, თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში “რეფორმა” დაანონსა. მინისტრმა თქვა რომ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი “ხარვეზია” და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.