სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს – ამჯერად ბალტიისპირეთის ქვეყნებში | 26.09.2023

საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის საკითხის განხილვის 3 ოქტომბერს ჩანიშვნის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რიგაში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. პოსტი მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი აგრძელებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

პრეზიდენტი ხვალ, 27 სექტემბერს ვილნიუსში – ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდება. პრეზიდენტმა შეხვედრა უკვე გამართა ესტონეთის პრეზიდენტთან, ალან კარისსთან.

თუ საკოსნტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია საკითხი პარლამენტში გადაინაცვლებს. ზურაბიშვილის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო რაც მმართველ უმრავლესობას არ აქვს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი არ აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.