სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო 3 ოქტომბერს განიხილავს | 25.09.2023

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პროცესში მონაწილეობას კონსტიტუციური წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

იმპიჩმენტით მუქარის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს განაგრძობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად დღეს ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება. სალომე ზურაბიშვილი 26 სექტემბერს შეხვედრას გამართავს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან; 27 სექტემბერს კი ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდება.