რატომ არ შეუწყვიტა პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა | 25.09.2023

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ შეუწყვიტოს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა, პოლიტიკურ სპექტრში ბევრ კითხვას აჩენს. პრეზიდენტის გადაწყვეტილება განსაკუთრებით ბუნდოვანია იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ 19 სექტემბერს ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ სალომე ზურაბიშვილს ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისთვის შესაბამისი დასკვნა გადაუგზავნა, პრეზიდენტმა ბრძანებულებას ხელი აღარ მოაწერა.

22 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს, რადგან საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. განცხადების თანახმად, პრეზიდენტი სრულად აცნობიერებს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხის სამარლებრივ და მორალურ მხარეს და ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები.