ირაკლი ეძგვერაძეზე თავდამსხმაში ბრალდებულ 6-ვე პირის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა | 25.09.2023

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდამსხმელი 6-ვე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულთა ნაწილი მიმალვას აპირებდა და ისინი საზღვრის კვეთის დროს დააკავეს. ამის შესახებ პროცესზე პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა განაცხადა და მიმალვის საფრთხიდან გამომდინარე სასამართლოს ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატების თქმით, ეს ინფორმაცია არასწორია, რადგან ბრალდებულებს გარკვეული ვიზიტები საზღვარგარეთ თავდასხმამდე ჰქონდათ დაგეგმილი.

გლდანში, საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა 22 სექტემბერს მაშინ მოხდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ირაკლი ეძგვერაძე და „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ. თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე გახდნენ მოძალედეების სამიზნე. ეძგვერაძე მომხდარში ქართული ოცნების წევრს, კოტე ზარნაძეს ადანაშაულებს. ზარნაძე კი თავდასხმასთან კავშირს გამორიცხავს. დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ გლდანში ვითარება დაიძაბა. ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა ამელია და პარტიის სხვა წევრები. პოლიციამ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა. ეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს-მა გლდანში თბილისის საკრებულოს დეპუტატებისა და მისი მეგობრების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.