პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტმა ყეინიშვილი და ხომერიკი სებ-ის საბჭოს წევრებად დაამტკიცა | 21.09.2023

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები მაინც დაამტკიცა. ყეინიშვილს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხომერიკს კი უმრავლესობის 82-მა წევრმა. კანდიდატურების დამტკიცებამდე სესიაზე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების საკითხის განხილვა კონსტიტუციის და საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დარღვევაა.

ყეინიშვილის და ხომერიკის კანდიდატურები სესიამდე ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, რომელსაც თავად კანდიდატები არ დაესწრნენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარდგენა, სანამ ნათია თურნავას ბრძანება ფარცხალაძესთან დაკავშირებით არ გაუქმდება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ ზურაბიშვილს წარმოდგენილი კანდიდატების უკან გაწვევის უფლება არ აქვს. ამ არგუმენტით, კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომა მაინც ჩაატარა, თუმცა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების სხდომაზე არყოფნის გამო, კომიტეტმა მათზე უარყოფითი დასკვნა დაწერა.

კომიტეტის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კანდიდატები სესიაზე მაინც დაამტკიცეს. პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრების არჩევის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, ირაკლი კობახიძემ. „ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საქმიანობის საბოტაჟი არ გამოუვიდა და ახალი წევრების არჩევით კონსტიტუციური ორგანოს ფუნქციონირებას საფრთხე აღარ ემუქრება. კობახიძემ თქვა ისიც, რომ, მისი ინფორმაციით, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები გუშინ პრეზიდენტთან დაიბარეს და თანამდებობაზე წერილობით უარის თქმა მოსთხოვეს.

რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის 9-წევრიანი საბჭო მხოლოდ 7 წევრით იყო დაკომპლექტებული. ორი ადგილი ვაკანტური იყო. ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. 20 სექტემბრის, მდგომარეობით, საბჭო მხოლოდ 4 წევრით იყო დაკომპლექტებული, რადგან გუშინ ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა თანამდებობები დატოვეს. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებსა და ტრანზაქციებზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეროვნული ბანკის საბჭო 6 წევრით იქნება დაკომპლექტებული.