პარლამენტში ოპოზიციონერებს „ეფესბეს“ აგენტზე საუბრის გამო მიკროფენები გაუთიშეს | 21.09.2023

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს პარლამენტის სხდომაზე, საიდანაც მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე გააძევეს. ოპოზიციონერი კოლეგის სხდომიდან გაყვანა მანდატურის სამსახურს შალვა პაპუაშვილმა სთხოვა. დაპირისპირების მიზეზი ისევ ოთარ ფარცხალაძის საკითხი და ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო.

სამნიძის სხდომიდან გაძევებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში ტრიბუნასთან მდგომ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს ფარცხალაძის საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. პაპუაშვილმა მიკროფონი ბოკუჩავასაც გამოურთო, რასაც დარბაზში უმრავლესობის მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მიკროფონების გათიშვის მიუხედავად, ოპოზიცია ცდილობდა, განსახილველ კანონპროექტებზე კითხვების დასმის შესაძლებლობა ეროვნული ბანკის თემაზე შეკითხვებისთვის გამოეყენებინა. როგორც კი, ოპოზიციონერი დეპუტატები „ეფესბეს“ აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეზე საუბარს იწყებდნენ, პაპუაშვილი მათ ისევ მიკროფონებს უთიშავდა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ ფლანგზე წესრიგი დაამყარა, ქართულმა ოცნებამ კანონპროექტების განხილვა განაგრძო.