ხელჩართული ჩხუბი საკანონმდებლო ორგანოში დღეს რამდენჯერმე მოხდა. ფოიეში დაპირისპირებამდე ჩხუბი იყო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც დილიდან მწვავე განცხადებებით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე ოთარ ფარცხალაძის თემის განხილვა მოითხოვეს. თუმცა, სხდომა არსებული დღისწესრიგით წარიმართა – სხდომაზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზში სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მანდატურს მიმართა, გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გაეყვანა. ამის შემდეგ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ზუსტად ამ დროს პარლამენტის დარბაზთან მდებარე ფოიეში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი მიმდინარეობდა. ოპოზიცია კობახიძესთან მივიდა და რუსის ჯაშუში უწოდა. კობახიძემ ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა.
პარალელურად, პარლამენტში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ტრიბუნასთან ბანერი გაშალეს ცნობილი ფრაზით რუსული ხომალდის შესახებ. ბანერის გაშლის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნასთან “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა მივიდა და ბანერი ჩამოგლიჯა. ამ ინციდებტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
წულუკიანის სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზი თითქმის მთლიანად ცარიელი იყო. რადგან ოცნება და ოპოზიცია ამ დროს დარბაზის გარეთ ჩხუბში იყო ჩართული.