„ოცნება“ ყველაფერზე მიდის გასქელებული ჯიბის და რუსული ინტერესის გამო – აქცია ეროვნულ ბანკან | 20.09.2023

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა ეროვნული ბანკის შენობასთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვდნენ, ასევე მათი თქმით პერსონალური სანქციები უნდა დაუწესდეს, როგორც ნათია თურნავას, ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც მას დააძალეს გადაწყვეტილების მიღება, რათა ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომა აღედგინა.

სებ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თვლიან, რომ “ქართული ოცნება” წინასწარ ემზადება იმ შემთხვევაში თუ ამერიკის ხაზინა კიდევ დაასანქცირებს ივანიშვილის გარემოცვას ან თავად ივანიშვილს. ეროვნულ ბანკთან საპატრულო პოლიციას ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდა გაკეთებული, რომლის მიღმაც მოქალაქეებს გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.