არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ. განცხადების მიხედვით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან შეიტყო და არა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან. არასამთავრობოების განცხადებით, აშკარაა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები არაეფექტურნი არიან ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში და სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებენ.
“ოთარ ფარცხალაძე წარსულში არაერთხელ იქნა მხილებული სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, თუმცა მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რაც, სავარაუდოდ, სწორედ მისი, როგორც ხელისუფლებასთან, ისე მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან მჭიდრო კავშირებით აიხსნება.სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან შეიტყო და არა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან (სუს). რთულად დასაჯერებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამსახურებს ამის შესახებ ცნობები არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ სანქცირების შესახებ ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება ჯერ არ მოუხდენია, რაც, სავარაუდოდ, ფარცხალაძის გავლენებს უკავშირდება. სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, სამსახურმა ინფორმაციის შესწავლა დაიწყო, თუმცა, ცხადია, ასეთ ვითარებაში არ არსებობს სწრაფი და ობიექტური გამოძიების დაწყებისა და წარმოების მოლოდინი. უფრო მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირები აღნიშნული ფაქტის გადაფარვით არიან დაკავებული.ფარცხალაძესთან დაკავშირებული მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ, სუს-ი მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ფუნქციას ჯეროვნად არ ასრულებს და მმართველ პარტიასა და მისი დამფუძნებლის უახლოეს გარემოცვაში რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ჩანერგვა ადვილად ხდება. აღნიშნული ფაქტი საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმი. სუს-ის უფროსმა ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს უკავშირდება. ასევე სუს-მა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, კონკრეტულად რა ნაბიჯები იდგმება საქართველოს რუსული სპეცსამსახურების ქსელის გასანეიტრალებლად.დღეს, როგორც არასოდეს, აშკარაა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები არაეფექტიანი არიან ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში და საჭიროებენ სერიოზულ რეფორმირებას, მათ შორისეროვნული უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვას”, – არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება.