ნიუ-იორკში ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა | 19.09.2023

ნიუ იორკში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა მიშელს 12 რეკომენდაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განუცხადა, რომ საქართველოს “ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი.

ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ახლა დროა კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

“მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის მისაღებად”, – შარლ მიშელის განცხადება.

გუშინ, ნიუ-იორკში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრაც. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერთან ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა.