ივანიშვილის პარტია ცდილობს „ეფესბეს“ აგენტ ოთარ ფარცხალაძეს გადაეფაროს – ოპოზიცია | 19.09.2023

ირაკლი კობახიძემ, გუშინ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვაზე, “პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას. „ოცნების“ თავმჯდომარემ არგუმენტად უდანაშაულობის პრეზუმფცია დაასახელა და თქვა, რომ უცხოელს შეიძლება შეუზღუდო საქართველოში კომერციული საქმიანობა, მაგრამ, როცა საქმე საქართველოს მოქალაქეს ეხება იქ სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ უკვე მომსახურების ზონიდან გავიდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინდელი განცხადებით უარი თქვა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მსგავსი განცხადებებით ივანიშვილის პარტია ცდილობს „ეფესბეს“ აგენტ ოთარ ფარცხალაძეს გადაეფაროს.

კონსტიტუციონალისტი კობახიძის გუშინდელი განცხადების გამართლება გაუჭირდათ მის თანაგუნდელებსაც. „ოცნების“ წევრებმა დღეს თქვეს, რომ კობახიძის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარებათ, მაგრამ ეროვნული ბანკის მიერ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვა მოსალოდნელი იყო. რადგან სანქცირებული პირების შემთხვევაში სისტემა სწორედ ასე მოქმედებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მხრიდან დასანქცირების შემდეგ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვისა და მისთვის ფინანსური ტრანზაქციების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. “ბიემჯი”-სთვის გაგზავნილ წერილში ეროვნული ბანკი წერდა, რომ სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ქართული საფინანსო სექტორი სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით მოქმედებს.