ფარცხალაძის და ჩარტერის სკანდალის გადაფარვა – სუს-ი ხელისუფლების დამხობის სცენარზე ალაპარაკდა | 18.09.2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერ-დეკემბერში, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი ქვეყანაში „ევრომაიდნის“ მოწყობას გეგმავს. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც ჟურნალისტები არ დაასწრეს, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, თქვა, რომ დესტრუქციულმა ძალებმა არეულობის დაწყების საბაბად, შესაძლოა, ევროკომისიის გადაწყვეტილება გამოიყენონ. ეს იმ შემთვევაში თუ ევროკომისია საქართველოს სტატუსზე უარს ეტყვის. სუს-მა ე.წ სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ავტორებიც დაასახელა.

სუს-ში ამბობენ, რომ დესტრუქციული ძალები რუსთაველის გამზირზე ე.წ „კარვების ქალაქის“ მოწყობას გეგმავენ. ერთ-ერთ კარავში კი ასაფეთქებელ მოწყობილობებს შეიტანენ იმ იმედით, რომ მისი აფეთქება მშვიდობიან მოსახლეობასა და პოლიციაში მსხვერპლს და შემდეგ უკვე სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. სუს-ის ინფორმაციით, პროცესებში ჩაერთვებიან უკრაინაში მებრძოლი ქართველებიც, რომლებიც, უწყების მტკიცებით, შესაბამის მომზადებას ახლა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გადიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაზე საუბრობს. 2014 წელს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, რისთვისაც პარტია საბურავების შეძენას აპირებდა. ისევე, როგორც დღეს, მაშინაც „ოცნების“ პროპაგანდა ოპოზიციის მხრიდან საქართველოში „ევრომაიდნის“ გამეორებაზე აპელირებდა. თუმცა, მაშინ, სუს-ის მოლოდინი არ გამართლდა და პროცესები რევოლუციური სცენარით არ განვითარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ხელისუფლების შეთქმულებით დამხობის მუხლით გამოძიება 2021 წელსაც დაიწყო. სუს-ი მაშინ ამტკიცებდა, რომ საქმის ფიგურანტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #8 სასჯელაღასრულების დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით მისასვლელი გზების, სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას გეგმავდნენ. უწყებამ მტკიცებულების სახით სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩაწერილი აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ წევრი დავით წერედიანი, დავით მახარაძე და გიორგი შერვაშიძე ფიგურირებდნენ. სუს-ის ინფორმაცია არც ამ შემთვევაში გამართლდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიწყო გამოძიება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ადამიანების წინააღმდეგაც. 8 მარტს, ღამით, სახლში სპეცრაზმი შეუვარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ბესო გაზდელიანს. მის წინააღმდეგ გამოძიება სწორედ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იყო დაწყებული.