“ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი საქმეების ყველა დეტალი და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, მოსკოვთანაც” | 18.09.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ყოფილი მთავარ პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერაა ფორმულირებული მოსკოვთან შეთანხმებით. სააკაშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძე დღესაც ჩრდილიდან მართავს პროკურატურასა და სასამართლოს.

“სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემს წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა. ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა. ამის შემდეგ ივანიშვილი იძულებული გახდა ის ე.წ. „ბოტასების საქმის“ გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს. ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც. ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც”, – წერს მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე.

ივანიშვილის ახლოგარემოცვის წევრი და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 14 სექტემბერს დაასანქცირა. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმად, „ეფესბე“ ფარცხალაძეს საქართველოში რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებისთვის იყენებდა. „ქართველი-რუსი ოლიგარქი“, სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენია საკუთარ განცხადებაში ფარცხალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.