რატომ დაასანქცირა ამერიკამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით ფარცხალაძე რუსულმა ეფესბემ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზემოქმედების მოხდენისთვის გამოიყენა. ასეთი ფორმულირება აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქის მიმართ პირველად გამოიყენა. გარდა ამისა, ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა. ამერიკამ დაასანქცირა 2 საკონსულტაციო კომპანიაც, რომელთა 50%-იანი წილის მფლობელი ფარცხალაძეა ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. ონიშჩენკო კი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, „ეფესბეს“ ოფიცერია. დოკუმენტის თანახმად, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა “თანამოაზრე” ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს “ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენის მოხდენისთვის იყენებდნენ”.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით 150-ზე მეტი ბიზნესმენისა და სუბიექტისთვის, მათ შორის, ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა ენტონი ბლინკენი. აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა განცხადებაში ცალკე გამოყო ოთარ ფარცხალაძის საკითხი და ის ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენია.
ხაზინის დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, გუშინვე, განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტში. პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ქართველი ჟურნალისტის კიტხვის საპასუხოდ თქვა, რომ დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, თუმცა არც ერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობის ხედვას არ შეცვლის.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ფაქტობრივად, „ეფესბეს“ გავლენის აგენტად გამოცხადებული ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირია. 2013 წელს ის თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტსაც იკავებდა. ცნობილია ისიც, რომ ბერა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა. ოთარ ფარცხალაძე გენერალური პროკორორის პოსტის დატოვების შემდეგ თავდასხმასა და ძალადობაში ამხილეს. 2017 წელს ფარცხალაძე თავდასხმაში ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ დაადანაშაულა. თორდია ამბობდა, რომ თავდასხმა ყოფილი მთავარი პროკურორის საქმიანობის შესახებ მასალების შეგროვებას უკავშირდებოდა. მაშინ, სასამართლომ ლაშა თორდიას ცემის საქმეში ფარცხალაძე გაამართლა. ოთარ ფარცხალაძის სახელს უკავშირდება 2018 წელს სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის სავარაუდო გატაცებისა და მასზე ანგარიშსწორების ფაქტი. მედიას ამ წლების მანძილზე არაერთი კითხვა ქონდა ფარცხალაძის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.