როგორ ასრულებს საქართველო ევრორეკომენდაციებს?! – არასამთავრობო სექტორის ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულია 1, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებების პროაქტიულ გათვალისწინებას გულისხმობს; მეტ-ნაკლებად შესრულებული 2 რეკომენდაცია, რომლებიც გენდერულ თანასწორობას და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევას ეხება. ნაწილობრივ შესრულებულია 7 რეკომენდაცია, ხოლო 2 – დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია საერთოდ არ არის შესრულებული.
ერთ თვეში, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების პროგრესს შეაფასებს. მანამდე, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ღია საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელობით მოამზადეს ბოლო რიგით მეექვსე შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებსა და არსებულ მდგომარეობას ასახავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პარტიასთან და პარლამენტთან შეთანხმდნენ, რომ ყველა ის პუნქტი, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, თვის ბოლომდე შესრულდება. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ მთავრობა რეკომენდაციების შესრულების კუთხით ყველაფერს აკეთებს და მიზეზი აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი.