მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს – “ოცნებამ” 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა | 14.09.2023

ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე 3 კვირით ადრე ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას, ჯერჯერობით, 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული. მისივე თქმით, ის ხედავს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა  ევრორეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. ვარჰეი ამბობს, რომ ახლა ყველა წუთი მნიშვნელოვანია და იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დარჩენილ დროში სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იმუშავებს

“ვფიქრობ, ნათელია, რა ვითარებაა საქართველოსთვის, რომ გახდეს კანდიდატი ქვეყანა. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ საკმაოდ მკაფიო პირობები დაადგინა. ვიმედოვნებ, საქართველო შეასრულებს პირობებს და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა, ახლა ყველა წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ანგარიში ოქტომბერში უნდა წარვადგინოთ. რასაც ვხედავთ, ისაა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსის მიღება, ასე რომ ვიმედოვნებთ, მთავრობა პრიორიტეტების შესრულებას შეძლებს და შეგვეძლება შემდეგი ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მორიგ გზავნილს ბრიუსელიდან უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ვარჰეის დღევანდელი განცხადებით დადასტურდა, თუ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი  მიენიჭა ეს იქნება ქართველი ხალხის დამსახურება და მსოფლიოში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შედეგი. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სხვა შემთხვევაში, ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება ოქტომბრამდე დარჩენილ რეკომენდაციებს უბრალოდ არ შეასრულებს.

„ოცნების“ წევრებს უჭირთ იმის აღიარება, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე 3 კვირით ადრე 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია აქვთ შესრულებული. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანებას.