საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, საჯარო გახადოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მგზავრობასთან დაკავშირებით ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისთან” დადებული ხელშეკრულებები. სახელმწიფო უწყება იმ ხელშეკრულებებს განასაიდუმლოებს, რომლებიც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის 2010-2012 წლებში მგზავრობას. თავდაცვის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მაღალი ინტერესით და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ხსნის.
სამინისტრომ სააკაშვილის ხარჯების გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მწვავე რეაქცია მოჰყვა ამჟამინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისს რომლითაც სამთავრობო თვითმფრინავით შვილი ამერიკულ უნივერსიტეტში წაიყვანა. ოპოზიციის ნაწილი პრემიერის მიერ ჩადენილ დანაშუალზე მიუთითებს და მისიმპიჩმენტს ითხოვს.
“საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი,” – თავდაცვის სამინისტროს განცხადება.