უკრაინელებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში გემების სარემონტო ქარხანაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს | 13.09.2023

უკრაინული სარაკეტო დაბომბვის შედეგად ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული საოკუპაციო ძალების წყალქვეშა ხომალდი „დონის როსტოვი“ და დიდი სამხედრო სადესანტო ხომალდი „მინსკი“ დაზიანდა. ისინი სარემონტო ქარხანაში იყო განთავსებული, რომელიც ოკუპირებული ყირიმის სამხრეთ დასავლეთით, სევასტოპოლში მდებარეობს. სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელი ქარხანა “სევმორზავოდში“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების მშენებლობა და გარემონტება ხდება.

სოციალურ ქსელებში ინფორმაცია სევასტოპოლში მძლავრი აფეთქებების შესახებ ღამის ოთხი საათისთვის გამოჩნდა. ადგილობრივები წერდნენ, რომ ისინი ძლიერი აფეთქების ხმამ გააღვიძა. სევასტოპოლი ოკუპირებული ყირიმის სამხრეთ დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და სწორედ აქ არის ბაზირებული რუსეთის შავი ზღვის. მალევე გაირკვა, რომ სევასტოპოლის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა აფეთქების ამსახველი ვიდეოებიც, რომლითაც დადასტურდა, რომ რამდენიმე უკრაინულმა რაკეტამ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დაძლევა მოახერხა.

სევასტოპოლიდან სოციალური მედიის მომხმარებელთა მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ვიდეო აჩვენებს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე სულ მცირე სამი ძლიერი აფეთქება მოხდა.

სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა დაადასტურა, რომ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა გემთმშენებელ ქარხანაზე და თქვა, რომ წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. მათგან ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„მე ვარ ხანძრის ადგილზე სევმორზავოდის სამხრეთ უბანზე. ადგილზე ყველა ოპერატიული სამსახური მუშაობს, ქალაქში სამოქალაქო ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება“, – დაწერა რაზვოჟაევმა ტელეგრამის არხზე.

მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წუხელ სევასტოპოლზე თავდასხმა განხორციელდა საკრუიზო რაკეტებით, ასევე საზღვაო დრონებით, რომელთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. შედეგად ორი ხომალდი დაზიანდა.

„ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ათი საკრუიზო რაკეტით დაარტყეს სევასტოპოლში ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელ ქარხანას და სამი უპილოტო კატერით შავი ზღვის ფლოტის გემების რაზმს“, – ციტირებს სამინისტროს განცხადებას სახელმწიფო სააგენტო РИА Новости.

თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ათი რაკეტიდან შვიდი ჩამოაგდო და საპატრულო გემმა კი სამივე საზღვაო დრონი გაანადგურა. სამინისტროს თქმით, დანარჩენმა სამმა რაკეტამ დააზიანა ორი ხომალდი, რომელთა რემონტი მიმდინარეობდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავრმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) დაადასტურა სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის სადესანტო გემისა და წყალქვეშა ნავის დაზიანების ფაქტი, რომელიც კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით იყო აღჭურვილი და უკრაინის დასაბომბად გამოიყენებოდა. მათი თქით დაზიანებულია თავად ქარხანა და მისი აღჭურვილობა.