სამხრეთ კავკასიის ამბებზე მომუშავე მედიაორგანიზაცია OC Media საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს. OC Media წერს, რომ მას შემდეგ, რაც მათ შალვა პაპუაშვილს მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარი უთხრეს, პაპუაშვილმა მედიის დონორ ორგანიზაციებს გამოცემაზე გავლენის მოხდენის მიზნით, საკუთარი პრეტენზიები წარუდგინა. OC Media-ს ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს სურდა გამოექვეყნებინა მოსაზრება თემაზე: “საქართველოს დემოკრატიული მთავრობის საქართველოს მოსახლეობისაგან გამოყოფის ტაქტიკა რუსეთის ჰიბრიდული თამაშის ნაწილია”.
“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა მოახდინა მას შემდეგ, რაც არ გამოქვეყნდა სტატია. მინიმუმ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც აფინანსებს OC Media-ს, დაადასტურა, რომ სპიკერის ოფისმა მათ წერილობით მიმართა სტატიის გამოქვეყნებაზე უარის თქმის შემდეგ. OC Media-ს მიერ ნანახ, სპიკერის ოფისის მიერ დონორისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა „ეყრდნობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებების საერთო გაგებას“. „ის, რომ თქვენ აფინანსებთ ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს ქართულ პოლიტიკას და კატეგორიულად უარს ამბობს განსხვავებული აზრის გამოქვეყნებაზეც კი, არ შეესაბამება ამ სულისკვეთებას“, – ნათქვამია წერილში. აღნიშნული დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა OC Media-ს განუცხადა, რომ ისინი “გაკვირვებულები” დარჩნენ წერილით. “გაოცებულები დავრჩით ამ საჩივრით და არ ვიცოდით, როგორ აგვეხსნა” – წერს OC Media სტატიაში.
OC Media-ს სტატიაში, რომელშიც პაპუაშვილის მხრიდან მედიაზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზეა საუბარი, ახსნილია მიზეზი თუ რატომ უთხრეს უარი პარლამენტის თავმჯდომარეს ე.წ OP-ED-ის გამოქვეყნებაზე. მედიაორგანიზაციის მთავარი რედაქტორი, რობინ ფაბრო ამბობს, რომ მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსის გამო OC Media-ში ტექსტის გამოქვეყნება მკითხველის ინტერესების უგულებელყოფა იქნებოდა. მან „ოცნების“ ხელისუფლების მედიასთან ურთიერთობის მტრულ ფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.