სალომე ზურაბიშვილი მესამე დღეა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს მართავს | 13.09.2023

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი მესამე დღეა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ნიკა მელიას შეხვდა. როგორც მელიამ აღნიშნა, მან და პრეზიდენტმა, შეხვედრისას, „ყველა საკითხზე“ ისაუბრეს და ყველაზე ნაკლები დრო, თავად სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს დაეთმო. მელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნაკლებად ფიქრობს, ვის მოისყიდიან და ვინ დაუჭერს მხარს მის იმპიჩმენტს.

ნიკა მელიას შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პარტია “გირჩის” ლიდერთან, იაგო ხვიჩიასთან გამართა შეხვედრა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ “ქართულ ოცნებას”, შესაძლოა, არ გაუჭირდეს იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმების მობილიზება.

“ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ქართული ოცნების მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟია.

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციასთან ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს უკვე რამდენიმე დღეა მართავს. სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა “ლელოს” წევრ სალომე სამადაშვილს, დეპუტატ ხატია დეკანოიძეს, პარტია “საქართველოსთვის” წევრებს, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ანი წითლიძესა და “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს ისტორიული შანსი და ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.