“ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო ნოვოსიბირსკის ოლქში ავარიულად მინდორზე დაჯდა. თვითმფრინავი სოჭიდან ომსკში მიფრინავდა. ბორტზე 170 მგზავრი იყო. თვითმფრინავი ავარიული დაჯდომისას დაზიანებას და ხანძარს გადაურჩა. არავინ დაშავებულა. მგზავრები უახლოეს დასახლებულ პუნქტში დროებითი განთავსების ადგილზე გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიული დაშვების მიზეზი ფრენისას ჰიდრავლიკის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. ამ სისტემის მწყობრიდან გამოსვლა იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავი ფაქტიურად უმართავი ხდება, მათ შორის დაფრენის დროს, რადგან შასის რეგულირებაც ჰიდრავლიკის სისტემის მიერ ხდება.
ექსპერტების თქმით, თვითმფრინავის გადარჩენას ხელი იმან შეუწყო, რომ კარგი ამინდის და დღის სინათლის გამო ეკიპაჟმა დასაჯდომად მინდვრის მოძებნა შეძლო, რაც ღამით შეუძლებელი იქნებოდა.