საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრომაციით საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, დროებითი ხიდის კონსტრუქციისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. დაზიანებულ მონაკვეთზე საპროექტო ჯგუფი მუშაობს და მათი დასკვნის შემდეგ დაიწყება ხიდის აღდგენის სამუშაოები.
11 სექტემბერს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, არსებული ხიდი და გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროებითი ხიდის მოწყობის პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ადგილობრივი გზის გამოყენებით (ბუკნარი-ნაგომარის შემოვლითი გზა), ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით.