ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯიხანჯირში დღეს მოზარდი დაკრძალეს, რომელიც მეწყერს შეეწირა. 12 წლის იური გუჯაბიძე ჯიხანჯირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენეს. მოზარდი სახლის გვერდით სამზარეულოში იყო, როცა ნაგებობა მიწამ დაფარა. რვა სექტემბრის ღამის ოთხ საათზე დამეწყრილ სოფელში მის ცხედარს რამდენიმე საათი ეძებდნენ.
გურიაში, ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყრებმა 8 სექტემბერს 3 ადამიანი იმსხვერპლა – 2 არასრულწლოვანი და 1 ხანდაზმული ქალი. სტიქიის ზონის სოფლებიდან ამ დრომდე 220 ადამიანია გამოყვანილი. სოფლების ნაწილი მოსახლეობისგან სრულად დაცლილია. რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებული გზების, ხიდების და ინფრასტრუქტურის აღსადგენად მუშაობა მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ხვალიდან სავარაუდოდ დროებითი ხიდების მოწყობა დაიწყება.
ლანჩხუთის მერის ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.