პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად დაიწყო. სალომე ზურაბიშივლის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 80 დეპუტატი მიმართავს. დღეს, 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო საკონსტიტუციოში მიმართვის გასაგზავნად.
ოპოზიციაში ეჭვი არ ეპარებათ რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქართული ოცნების სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. მათივე თქმით ზურაბიშივლის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტი რეალურად ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ერთადერთი გზა, რომ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება მოხდეს. მისივე თქმით, ვერ ხედავს ამ საკითხსა და 12 რეკომენდაციის შესრულებას შორის კავშირს.
მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი პირველ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.