გადაუღებელ წვიმას, მდინარეების ადიდებას და მეწყერს გურიაში მსხვერპლი მოჰყვა. დატბორილია სოფლები, დაზიანდა სახლები, წაღებულია ხიდები და გზები. გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის. მანამდე მაშველებმა ერთი არასრულწლოვნის, ცხედარი სოფელ ჯუმათში იპოვნეს, მეორე კი ხანდაზმული ქალი, რომლის სახლი სოფელ სილაურში მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. მესამე დაკარგულის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
სტიქიის ზონაში ჩავიდნენ მაშველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ადგილზე ორასამდე მეხანძრე–მაშველი და ტექნიკაა მობილიზებული. მაშველებმა სტიქიის ზონიდან ადამიანების გაყვანა დაიწყეს. მათ შორის არიან ბავშვები. მოქალაქეების ნაწილი თავის გადასარჩენად სიმაღლეებზე ავიდა და მაშველებს იქ ელოდა.
მძიმე მდგომარეობაა ლანჩხუთშიც. ქალაქის მერის თქმით, ტალახის დიდი მასის გამო ტექნიკას მუშაობა უჭირს. კატასტროფულ მდგომარეობაშია გზები და ხიდები.
გურიის სტიქიის გამო მოძრაობა დროებით აიკრძალა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათ ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე ჩამოსული მიწის შვავისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები.