სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა | 07.09.2023

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ”, გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა. სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებლის მტკიცებით, მისი დაკავება ემსახურებოდა მის ჩამოშორებას პოლიტიკური ცხოვრებიდან და პოლიტიკური საქმიანობისთვის მის დასჯას. ამ განცხადების გაკეთებისას იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-18 მუხლს. სასამართლოს ინფორმაციით, მე-5 მუხლთან ერთობლიობაში კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას ფეისბუქით გამოეხმაურა ნიკა მელია. ის წერს, რომ დღემდე ევროკავშირის გირაოთია თავისუფალი, მისი საქმე კი  თაროზე დევს და  მასში რომ რაიმე მტკიცებულება იყოს, ისევ დაიჭერდნენ:

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება:არ გადავიხადე გირაო, ბრალისათვის რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული.დღემდე ევროკავშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად დიდი ხანია ისევ დამიჭერდნენ.ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს.არ მივიღე ამნისტია საქმეზე სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ.საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ “საჭიროებამდე”, ასეთია ოცნების “სამართალი”.ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით – გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა”, – ნიკა მელიას განცხადება.