რა თანხა დაუჯდა ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკაში ჩარტერული ვიზიტი | 07.09.2023

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა დაადასტურა, რომ პრემიერი აგვისტოს თვეში აშშ–ში იმყოფებოდა, სადაც შვილთან ერთად გაემგზავრა. გიორგობიანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ  აშშ–ში ის ჩარტერული რეისით გაემგზავრა, თუმცა ეს ფული ბიუჯეტიდან არ დახარჯულა:

“კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა საკუთარ შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას”, – ნინო გიორგობიანის განცხადება.

ამის შემდეგ განმარტება დღეს უკვე მთავრობის სტრატკომმა გაავრცელა და დააკონკრეტა, რომ ღარიბაშვილმა ჩარტერული რეისით მხოლოდ ევროპის ერთ–ერთი ქალაქამდე იმგზავრა, და არა შეერთებულ შტატებამდე.

“საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული კომერციული რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა”, – მთავრობის სტრატკომის განცხადება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილი აშშ–ში იმყოფებოდა მედიაში აგვისტოს ბოლოს გავრცელდა ნიუ–იორკში, მანჰეტენზე გადაღებულ მის ფოტოსთან ერთად. აქამდე  პრემიერს და მის პრესსამსახურს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.