“ქართული ოცნება” არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კიდევ ერთხელ ცვლის “საარჩევნო კოდექსის” იმ მუხლებს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევას შეეხება. ირკვევა, რომ ცვლილებების მიუხედავად, პრეზიდენტს არ უბრუნდება ცესკოს კანდიდატების შესარჩევი კომისიის დაკომპლექტებისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება.
მმართველი პარტიის წევრის, გივი მიქანაძის თქმით, კანდიდატების დასამტკიცებლად საჭირო იქნება 90 დეპუტატის (სრული შემადგენლობის 2/3-ის) მხარდაჭერა. თუ ამ კენჭისყრაზე ხმები ვერ მოგროვდა, საკითხის დამტკიცებისთვის განმეორებით კენჭისყრაზე 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისი იქნება. კანონპროექტით გათვალისწინებული იქნება 76-ხმიანი კვორუმით კენჭისყრის მესამედ ჩატარებაც. თუ კანდიდატებს ამ შემთხვევაშიც ვერ აირჩევენ, უკვე პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას.
საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ, დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო, რომელიც არ ეთანხმებოდა ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების არჩევის პროცესის გამარტივებას. ცვლილებების შემდეგ 100 ხმის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა 76 ხმით გახდა შესაძლებელი.
იმის გამო, რომ კანდიდატების დასამტკიცებლად 100 ხმა იყო საჭირო, მმართველი პარტია სასურველ კანდიდატებს ცესკოს თავმჯდომარედ და წევრებად ვერ ამტკიცებდა. საპარლამენტო უმრავლესობაში მხოლოდ 84 დეპუტატია, რაც მხოლოდ იმისთვის არის საკმარისი, რომ კანდიდატი 6 თვით დაინიშნოს.