შეძლებს თუ ვერა ხელისუფლება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მიყვანას | 04.09.2023

“მან სამწუხაროდ არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია” – ასეთია პრემიერის პირველი განცხადება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მთავრობის უარის მიუხედავად ევროპული ტურნე დაიწყო. “ქართული ოცნების” ლიდერების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის განზრახ დარღვევაში პრემეირ-მინისტრიც ადანაშაულებს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება სრულიად გამართლებულია. ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა არგუმენტაციაზე, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტმა ვიზიტებზე მთავრობისაგან უარი მიიღო.

ოპოზიცონერ დეპუტატებს კი კითხვები კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით არა სალომე ზურაბიშვილთან არამედ მთავრობასთან და პირველ რიგში პრემიერ მინისტრთან აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებაში მორიგ რუსულ გეგმას ხედავენ, რომელიც მათი შეფასებით საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს ისახავს მიზნად.

“დემოკრატიის მცველები”, “სასამართლოს გუშაგი”, “საფარი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართულ ოცნებას” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციატივის გამო აკრიტიკებენ. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, ეს ნაბიჯი არის “თავდასხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე”.

“პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება იმის გამო, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საჭიროებაში არწმუნებს, პირდაპირი იერიშია ევროკავშირზე, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს როგორც პრეზიდენტს, ისე – მთავრობას, მიიღოს ყველა ზომაევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საგანგაშოა, რომ მთავრობა არათუ უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, არამედ საქართველოს პრეზიდენტს – კონსტიტუციურ ორგანოს, ხელს უშლის ჩვენი ისტორიული არჩევანის განხორციელებაში. სწორედ ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ქმედებები წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით, ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება”, – არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დღეიდან იწყება. რამდენიმე საათში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა შედგება, რის შემდეგაც კანონმდებლები საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ამ ეტაპზე საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა, შემდეგ კი იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მისაყვანად უკვე 100 კანონმდებლის ხმაა აუცილებელი, რასაც უმრავლესობა ოპოზიციის გარეშე ვერ აგროვებს – ოპოზიციის დიდი ნაწილი კი სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება 1 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.