უკრაინული საბრძოლო დრონების მასირებული შეტევა რუსეთის ექვს რეგიონზე და ყირიმში, სევასტოპოლზე | 30.08.2023

რუსეთის ექვს რეგიონზე და ანექსირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლზე წუხელ უკრაინული საბრძოლო დრონების მასირებული შეტევა განხორციელდა.

ომის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა დრონების ასეთი მასირებული შეტევა თითქმის ერთდროულად მოხდა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე.

ყველაზე ძლიერი შეტევა ფსკოვის აეროპორტში მოხდა.შედეგად ფსკოვის აეროპორტში ილ 74–ის 4 სამხედრო –სატრანსპორტო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. რუსული სააგენტოების ინფორმაციით დაზიანდა 4 თვითმფრინავი, თუმცა უკრაინული მხარე აცხადებს, რომ 4 თვითმფრინავი სრულად განადგურდა, კიდევ რამდენიმე კი დაზიანდა. ერთი ილ-76-ის თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია. ვრცელდება ინფორმაცია ერთი Tu-22M3 სტრატეგიული ბომბდამშენის განადგურების შესახებაც.

ადგილობრივების ინფორმაციით მოხდა მინიმუმ 5 აფეთქება. კრესტის აეროპორტის ტერიტორია მაშტაბურმა ცეცხლმა მოიცვა.

ადგილობრივი წყაროების ცნობით, აფეთქებების სერიის გარდა აეროპორტის რაიონიდან ისმოდა სროლის ხმაც. სავარაუდოდ ეს იყო დრონების ჩამოგდების მცდელობა. ფსკოვის გუბერნიის ინფორმაციით აეროპორტზე შეტევაში მინიმუმ 10 დრონი მონაწილეობდა.

ფსკოვის აეროპორტი ე.წ. ერთობლივი ბაზირების აეროდრომია, რომელიც ერთდროულად არის სამოქალაქე აეროპორტი და სამხედრო ავიაბაზა. ღია წყაროების ინფორმაციით აქ ბაზირებულია რუსეთის არმიის 334–ე სამხედრო–სატრანსპორტო ავიაპოლკი.

ტელეგრამის არხები იუწყებოდნენ ხანძრის შესახებ სამხედრო ნაწილის მიდამოში, ფსკოვის აეროპორტის მახლობლად. ეს არის ГРУ-ს სპეცრაზმის მე-2 ბრიგადის ტერიტორია პრომეჟიცში, რომელიც უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

ფსკოვიდან უკრაინის საზღვრამდე პირდაპირი ხაზით დაახლოებით 700 კილომეტრია. როგორ მოახერხეს უკრაინულმა დრონებმა ამხელა მანძილის გავლა, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. რუსული მხარე გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა დრონები ესტონეთის ტერიტორიიდან აფრინდნენ, თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება არ არსებობს.

ფსკოვში აფეთქებიდან მალევე დრონები გამოჩნდნენ ბრიანსკის ოლქში.

ადგილობრივი ტელეგრამ არხების ინფორმაციით ქალაქში მინიმუმ 2 მძლავრი აფეთქების ხმა იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი დრონი დაეცა აქ მდებარე რუსეთის ერთ–ერთ უმსხვილეს მიკროელექტრონიკის ქარხანას, რასაც შედეგად ხანძარი მოჰყვა.