“გუშინ თბილისში მოსულმა ნალექმა 2015 წლის 13 ივნისს მოსულ ნალექის რაოდენობას გადააჭარბა” | 30.08.2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ თბილისში მოსულმა ნალექმა 2015 წლის 13 ივნისს მოსულ ნალექის რაოდენობას გადააჭარბა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 სექტემბრამდე შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან მოსალოდნელია სეტყვაც.

“29 აგვისტოს საღამოს საათებიდან თბილისსა და მის შემოგარენში დაფიქსირდა უხვი ნალექი. წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. ამავე დროს, 2015 წლისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს მოსულმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია. რაც შეეხება მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +32, +37, მთაში +31, +36, მაღალმთაში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 სექტემბრამდე შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+29, +34 გრადუსი) შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ქ. თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება”, – გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება.