შოვში, სამაშველო სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა | 29.08.2023

შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი, თემურ ხარჩილავა გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხარჩილავას დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შემთხვევა დღეს, მაშინ მოხდა, როცა თემურ ხარჩილავა ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო. 2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს”, – თავდაცვის სამინისტროს განცხადება.