გახდება თუ არა საქართველო ევროპის ნაწილი – მიშელის გზავნილი სლოვენიიდან და გამოხმაურებები თბილისში | 29.08.2023

შარლ მიშელის მიერ, გუშინ, სლოვენიაში გამართულ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას, ევროკავშირის 2030 წლისთვის შესაძლო გაფართოებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ, ეხმაურებიან საქართველოში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილი მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შექმნაზე მიუთითებს, რასაც საქართველო მომზადებული უნდა შეხვდეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება თუ 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება.

მიშელის განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ევროკავშირის შეფარული კრიტიკისთვის გამოიყენეს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ევროკავშირის გაფართოების 7 წლით გადაწევა არის იმედგაცრუება, იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ათწლეულებია კანდიდატის სტატუსი აქვთ და ევროკავშირის წევრობას ელოდებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განცხადება, გუშინ, სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის მოხდება და ეს „აღარ არის ოცნება“. მან სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, როდესაც აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას დაასრულებს.