ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე თქვა, რომ ევროკავშირის შესაძლო გაფართოება 2030 წლისთვის მოხდება და ეს აღარ არის ოცნება. შარლ მიშელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, როდესაც დაასრულებს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას.
“გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ის დაასრულებს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას. ასე რომ, გაფართოება არ არის ოცნება, ახლა წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იქნება რთული და ზოგჯერ მტკივნეულიც, მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის და ევროკავშირისთვისაც. მჯერა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ – ორივე მხრიდან – 2030 წლის გაფართოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ჩვენს საერთო მიზნებს, ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი გეგმა, ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი”, – განაცხადა შარლ მიშელმა.