სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. გადაწყვეტილება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მას შემდეგ მიიღო, რაც 8 ადამიანს სალმონელოზი დაუდასტურდა. კვლევებით დადგინდა, რომ 8-ვე მომხმარებელმა „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“ ჭამა. ლაბორატორიული კვლევით კი დადასტურდა, რომ აღნიშნულ საკვებში მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო 2 შეტყობინება 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“. შეტყობინებების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს ინსპექტირება „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მარკეტებში. სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე”, – სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება.
„ნიკორა ტრეიდი“ მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჯეო დისტრიბუციას“ აკისრებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ „ჯეო დისტრიბუცია“ აწვდიდა მათ ქათმის ფილე „გრაკოს“, რომლითაც, „კოტლეტი კიევური“ მზადდებოდა. „ნიკორა ტრეიდიში“ ამბობენ, რომ რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობენ.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე „გრაკოს“, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია „ჯეო დისტრიბუცია”. რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ პრობლემის განვრცობის მასშტაბი ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით”, – „ნიკორა ტრეიდის“ განცხადება.