ისტორიული დღე – ასე უწოდებს ამერიკული მედია დღეს, როცა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც ატლანტის ციხეში ის ოფიციალურად დაარეგისტრირეს პატიმრად. მას პატიმრის ნომერი მიანიჭეს, შესაბამისის ფოტო გადაუღეს და გამოუშვეს, რადგან კვირის დასაწყისში მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექსპრეზიდენტი 200 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში დარჩებოდა. პატიმარი ტრამპის ფოტო მედიამ მელვე აიტაცა.
ფულტონის ოლქის ციხეში ტრამპმა, რომელიც აეროპორტიდან აქ დიდი ავტოკოლონით მივიდა, მხოლოდ 20 წუთი გაატარა. ციხესთან მას მხარდამჭერები ელოდნენ, თუმცა ავტოკოლონამ ციხის მიმდებარე ტერიტორია ისე დატოვა, რომ არ შეჩერებულა.
ატლანტის ფულტონის ოლქის პროკურორი ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის მცდელობაში ადანაშაულებს. ოფიციალური ბრალდების თანახმად, მან ეს მოითხოვა ადგილობრივი რესპუბლიკელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში არჩეულ თანამდებობებს იკავებდნენ.
ატლანტის ციხიდან ტრამპი პირდაპირ აეროპორტში წავიდა, საიდანაც ნიუ ჯერსიში გაფრინდა, სადაც მისი ერთ-ერთი გოლფკლუბის ტერიტორიაზე ცხოვრობს .
თვითმფრინავში ასვლამდე მან მედიისთვის კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ გაიმეორა არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელთა უსაფუძვლობა არაერთხელ დაადასტურეს შეერთებული შტატების სასამართლოებმა და ტრამპის თანამებრძოლებმაც კი რესპუბლიკური პარტიიდან.
დონალდ ტრამპი გახდა პირველი შეერთებული შტატების ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს შორის, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენეს. ოფიციალურად გამოქვეყნებული მისი, როგორც პატიმრის ფოტო კი არის აშშ-ს პატიმარი პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ფოტო.
ეს უკვე მეოთხე სისხლის სამართლის საქმეა ტრამპის წინააღმდეგ, თუმცა წინა სამ საქმეში ის როგორც პატიმარი არ გადაუღიათ და ფოტო არ გამოუქვეყნებიათ.
ტრამპთან ერთად ამ საქმეში ბრალდებულია კიდევ 18 პირი, მათ შორის ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მარკ მედოუსი.
დონალდ ტრამპი გირაოთი იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ სასამართლო პროცესამდე არ შეეცდება მოწმეების და თანამზრახველების წინააღმდეგ მუქარას და ზეწოლას, მათ შორის სოციალური ქსელების საშუალებით და მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით დაუკავშირდება სხვა ბრალდებულებს.
ყველა ბრალდებას ექს-პრეზიდენტი გამუდმებით უწოდებს „კუდიანებზე ნადირობას“ და დემოკრატიული პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტის დევნას.
77 წლის ტრამპი მომავალ წელს კვლავ აპირებს კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში და რესპუბლიკური პარტიის ნომინანტებში ლიდერობს.