უკრაინის დაზვერვამ ყირიმში სპეცოპერაცია დაადასტურა და სპეცოპერაციის ვიდეოც გაავრცელა | 24.08.2023

უკრაინის დაზვერვამ ყირიმში სპეცოპერაცია დაადასტურა და სპეცოპერაციის ვიდეოც გაავრცელა. გარცელებული ინფორმაციით დღეს დილით უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უკრაინის საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით, ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებში დესანტი გადასვა ყირიმში, კონცხ თარხანკუტზე.

დაზვერვის ინფორმაციით, ისინი დეტალებს არ ამხელენ, თუმცა სპეცოპერაციის მიზნები მიღწეულია, პერსონალს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. არის დანაკარგები მოწინააღმდეგის პირად შემადგენლობაში.

მედიის ცნობით, ხუთშაბათს დილის 05:00 საათზე აფეთქებები გაისმა კონცხ თარხანკუტზე, მაიაკის და ოლენევკას დასახლებებთან.

რუსული წყაროები წერენ უკრაინელი დივერსანტების ჯგუფზე, რომლებიც აქ ნავებით მიცურდნენ და ცეცხლი გახსნეს.

კონცხ თარხანკუტზე განთავსებულია რუსული რადიოტექნიკური ბაზა და ფუნქციონირებს რამდენიმე სარადარო სისტემა.

გუშინ ამ ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ყირიმში უკრაინელებმა რუსული საჰაერო საზენიტო კომპლექსი S 400 გაანადგურეს.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით სოფელ ოლენევკას სიახლოვეს, თარხანკუტის კონცხზე, სადაც რუსების რამდენიმე სამხედრო ობიექტია განთავსებული, სრულად განადგურდა S 400 ტრიუმფის დანადგარი რაკეტებით, ასევე ოკუპანტების პირადი შემადგენლობა.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსების შეიარაღებაში ასეთი კომპლექსების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით ეს მტკივნეული დარტყმაა რუსების საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რაც ოკუპირებულ ყირიმში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე დიდ გავლენას იქონიებს.

უკრაინის დაზვერვამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განადგურების ვიდეოც გაავრცელა.