კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ცხედრები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე დღეს გამთენიისას გადაასვენეს. გაზელის ტიპის ორმა შავმა მანქანამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილის გარშემო შემოსაზღვრული ტერიტორია დილის ექვს საათზე დატოვა.
რუსული მედია წერს, რომ პრიგოჟინის ცხედარი ვაგნერის ერთ–ერთმა მეთაურმა მორგში პირადად ამოიცნო. მათი ინფორმაციით, იდენტიფიკაცია იმან გაიოლა, რომ პრიგოჟინს ერთი თითი არ ქონდა. ასევე ამოცნობილია ვაგნერის მეორე ლიდერის – დიმიტრი უტკინის ცხედარი. ის სიმაღლით და სვირინგებით ამოიცნეს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნეს ჯეტში თავად პრიგოჟინი იმყოფებოდა, როსავიაციამ გუშინ კატასტროფიდან მალევე გამოაქვეყნა, თუმცა ვრცელდებოდა განსხვავებული ინფორმაციაც. მოგვიანებით ოფიციალურად გამოქვეყნდა თვითმფრინავის 7 მგზავრის და ეკიპაჟის 3 წევრის სია, რომელთა შორის ევგენი პრიგოჟინი და ვაგნერის კიდევ ერთი ლიდერი, დიმიტრი უტკოვი იყვნენ. არ არის გამორიცხული, ცხედრების საბოლოოდ იდენტიფიცირებისთვის დეენემ ანალიზი გახდეს საჭირო.
პრიგოჟინის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ პეტერბურგში მიფრინავდა, აფრენიდან მალევე, ადგილობრივი დროით 18:20 წუთზე, მოსკოვთან ახლოს, ტვერის რეგიონში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ტვერის რეგიონში ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია პირველ რიგში ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს და დაწერეს, რომ ეს არის Embryer-ის ბიზნეს ჯეტი, რომელიც ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. შემთხვევის ადგილზე მალევე დაიწყეს მუშაობა მაშველებმა. მათ შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრეს და იქ აღარავის უშვებდნენ.
Flightradar24 სერვისმა, რომელიც თვითმფრინავების ფრენებს მთელს მსოფლიოში აკონტროლებს, პრიგოჟინის ბიზნეს-ჯეტის ბოლო ფრენის შესახებ დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, პრიგოჟინის Embraer Legacy 600 თვითმფრინავმა საკუთარი მონაცემების გადაცემა მოსკოვის დროით 17:46 საათზე დაიწყო. მას კოორდინატები არ გადაუცია და Flightradar24–მა მისი ადგილმდებარეობის დადგენა მხოლოდ მოსკოვის დროით 17:59-დან 18:11 საათამდე პერიოდში შეძლო, როდესაც ის მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. 18:11 საათისთვის ის 8,5 კმ სიმაღლეზე ავიდა და შემდეგ ამ სიმაღლეზე ჰორიზონტალურად მიფრინავდა. 18 საათზე 19 წუთსა და 53 წამზე კი ვარდნა დაიწყო. მომდევნო 22 წამის განმავლობაში ის დაახლოებით 2,5 კილომეტრით დაბლა ჩამოვიდა, რის შემდეგაც მისი გადამცემები გაჩუმდა.