რუსოფობია არის სისულელე, მძიმე ავადმყოფობა. საბედნიეროდ, ის სრულიად განკურნებადია – მედვედევი | 23.08.202

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, წარსულში რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი შესაძლოა რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანდნენ.

დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი იყო, რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ვრცლად მიმოიხილა 2008 წლის ომი და მის დაწყებაში კვლავ საქართველო დაადანაშაულა. მედვედევი წერს, რომ 2008 წელს ორი მოძმე კავკასიურ რესპუბლიკაში რუსულმა ჯარმა მშვიდობა დაამყარა. მან გაიხსენა 2008 წლის 26 აგვისტოს გამოცხადებული გადაწყვეტილება ეგრეთწოდებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ და დაწერა, რომ რუსეთმა ამ გადაწყვეტილებით ამ ეგრეთწოდებული რესპუბლიკების უსაფრთხოება უზრუნველყო.
მედვედევი ყველაფერში საქართველოსთან ერთად დასავლეთს ადანაშაულებს და წერს, რომ ახლა ნატო მას უკრაინაში კიევის რეჟიმის ხელით ებრძვის. მედვედევი წერს, რომ რუსეთი კიევის რეჟიმსაც ისე დაამარცხებს, როგორც თავის დროზე ქართველი აგრესორები დაამარცხა. შემდეგ კი უკრაინა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან საერთოდ გაქრება.

მედვედევის მთელ წერილს თან გასდევს საქართველოს და უკრაინის, სააკაშვილის და ზელენსკის შედარება. მედვედევის წერილის დიდი ნაწილი პერსონალურად სააკაშვილის დახასიათებას ეძღვნება, რომელსაც თითქმის იგივე ფრაზებით აღწერს, რითაც ქართული ოცნების ლიდერები. მას ამერიკის ინტერესების ლობისტს უწოდებს და ამბობს, რომ ახლა ციხეში სააკაშვილი ავადმყოფობის სიმულირებას ეწევა. უკრაინაში კი მისი თქმით, ხელისუფლებაში კლოუნი მოვიდა, რომელმაც პოლიტიკური შოუ მოაწყო. მედვედევი უკრაინაში სისხლისღვრაში ზელენსკის ადანაშაულებს და სააკაშვილის ბედს უწინასწარმეტყველებს. ის წერს, რომ სააკაშვილის წასვლის შემდეგ საქართველოში სიტუაცია დასტაბილურდა . თუმცა, შიშობს, რომ აქ დასავლეთის გავლენა შენარჩუნდება. მედვედევს საქართველოში ბოლო დროს გამოვლენილი ე.წ. რუსოფობიური განწყობები არ მოსწონს, თუმცა თვლის, რომ ეს განკურნებადია.

“მხოლოდ ერთი პრობლემაა. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ დასავლეთი კიდევ ერთხელ არ გამართავს კონკურსს ყველაზე უსარგებლო, კონტროლირებადი და უღიმღამო პოლიტიკოსისთვის, რათა ის მისი ახალი მარიონეტი გახდეს სადმე უკრაინის ნანგრევებში ან სხვა ადგილას რუსეთის საზღვრებთან ახლოს. არ დახარჯავს მასზე ფულს, არ წაახალისებს რჩევებით, არ მიაწვდის მას იარაღს, დაქირავებულებს, ინსტრუქტორებს და სხვა ყველაფერს. ეს არ შთააგონებს არარაობას და ხელმოცარულს იმპერიულ ამბიციებს. და დაპროგრამებული თოჯინა არ გამოიწვევს მორიგ „რეგიონულ კონფლიქტს“. იგივე ლოზუნგებით, როგორც საქართველომ 15 წლის წინ, როგორც დღეს უკრაინამ, როგორც ეს არაერთხელ მოხდა შეერთებული შტატების წაქეზებით ქვეყნებში სხვადასხვა კონტინენტებზე.ოდესღაც სააკაშვილი გახდა აშშ-ის პირველი მარიონეტული ლიდერი კავკასიაში ერთი მისიით – გააღვივოს საქართველოს მაცხოვრებლების სიძულვილი რუსეთის მიმართ, შეარყიოს მისი პოზიცია ამიერკავკასიაში და დაჩრდილოს ორი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ეს უცნაური არსება მთელი ძალით აახლოვებდა ომს. თავს „ძველი აღთქმის მწყემს დავითად“ ასაღებდა და ამავდროულად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველებმა დაივიწყონ საერთო ისტორია, გაწყვიტონ ურთიერთობა რუსეთთან, ეზიზღებოდეთთ უახლოესი მეზობლები – რუსები, ოსები, აფხაზები – და სიკვდილს უსურვებდნენ. რუსოფობის ბოლო სპექტაკლები საქართველოში აჩვენებს, რომ ამ საზოგადოებას კვლავ შურისძიების იმედი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად ეჯახება თანამოქალაქეების წინააღმდეგობას, რომლებიც არ აპირებენ რუსეთის მიმართ სიძულვილი ეროვნულ იდეის ხარისხში აიყვანონ და საკმაოდ თბილად არიან განწყობილნი ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ეს ასევე აშკარაა: ქართველების უმრავლესობისთვის ბევრად უფრო კომფორტულია მშვიდად ცხოვრება ჩვენს სახელმწიფოსთან. რუსეთი ახლოს არის, ამერიკა ოკეანის მიღმა. საქართველოსთვის, უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც ათასობით ძაფით არის დაკავშირებული რუსეთთან, რუსოფობია არის სისულელე, სიმახინჯე, მძიმე ავადმყოფობა. საბედნიეროდ, ის სრულიად განკურნებადია”, –  დიმიტრი მედვედევის განცხადება.

მედვედევი მთავარ სათქმელს ვრცელი წერილის ბოლოს ამბობს, მას შემდეგ, რაც მრავალჯერ იმეორებს რომ უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში ომი დასავლეთის ბრალია, რომელიც ამ ორ ქვეყანას ხან ნატოში და ხან ევროკავშირში გაწევრიანებას პირდებოდა.
ის წერს, რომ ნატოს სამხედრო ბლოკმა არ მისცა გარანტიები რუსეთს, რომ მის მტერს, ანუ უკრაინას არ მიიღებდა საკუთარ რიგებში, ამიტომაც ფატალური კვანძის გახსნის თავიდან აცილება მხოლოდ ძალით იყო შესაძლებელი და რუსეთმა უკრაინაში ომი ამიტომ დაიწყო.
მედვედევი რუსეთის სახელმწიფოს და მისი სამხედრო მანქანის უძლეველობაზე საუბრობს და წერს, რომ დასავლეთის მიერ დასმული მარიონეტები ვერც საქართველოდან და ვერც უკრაინიდან მას ვერაფერს დააკლებენ.

დიმიტრი მედვედევს, რომელიც ამჟამად რუსეთში მხოლოდ სიმბოლურ თანამდებობას იკავებს, კრემლი ხშირად იყენებს სხვადასხვა იდეების გასაჟღერებლად. ექსპერტების ნაწილი მის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს. უცხოური მედია მედვედევს ხშირად არასერიოზულ ლოთს უწოდებს, თუმცა ბევრი თანხმდება იმაზე, რომ მედვედევის მიერ გახმოვანებულ მესიჯებს კრემლი ზოგჯერ ნიადაგის მოსასინჯად იყენებს.