29 გარდაცვლილი და 4 დაკარგული – შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგი სტიქიური უბედურებიდან მე-20 დღეს | 22.08.2023

29 გარდაცვლილი და 4 დაკარგული, მათ შორის, 3 ბავშვი – ასეთია შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგი სტიქიური უბედურებიდან მე-20 დღეს. შსს-ის ინფორმაციით, 29-ე დაღუპული ბავშვია და მისი ცხედარი მაშველებმა დღეს იპოვეს. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თქმით, სტიქიის ზონაში არ დარჩენილა არცერთი კვადრატული მეტრი მიწა, რომელიც დამუშავებული არ არის. ლევან შერაზადიშვილი ამბობს, რომ მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ადგილები ხელმეორედაც დამუშავდა. მისივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მდინარე ჭანჭახისა და რიონის სანაპიროებზე მიმდინარეობს, სადაც ეწყობა კუნძულები და ფორმირდება კალაპოტები. ამ დროის მონაცემებით, 29 ნაპოვნი გარდაცვლილიდან, 3-ის იდენტიფიცირება ისევ ვერ ხერხდება.