კელი დეგნანი ისევ „ქართული ოცნების“ თავდასხმის სამიზნეა | 22.08.2023

კელი დეგნანი უკვე მეორე დღეა „ქართული ოცნების“ თავდასხმის სამიზნეა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამერიკელ დიპლომატზე მიტანილი პოლიტიკური იერიში აშშ-ზე თავდასხმას ნიშნავს. მათი თქმით, კელი დეგნანთან ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც, გუშინ ზარქუამ და ოცნების სხვა წევრებმა აირჩიეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის პარტია რუსული რეჟიმის დავალებებს ასრულებს.

„ქართული ოცნების“ წევრები კელი დეგნანს “რადიო თავისუფლებისთვის” გუშინ მიცემული  ინტერვიუს გამო დაუპირისპირდნენ. ხელისუფლება ელჩის იმ გზავნილმა გააღიზიანა, რომელიც ელექტრონული წესით ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებს და მანიპულაციების შესაძლო საფრთხეს შეეხებოდა. ოცნების დეპუტატმა ზარქუამ მას მავნებელი უწოდა. ირაკლი ქადაგიშვილმა კი თქვა, რომ დეგნანის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით არის პოლიტიკით გაჟღენთილი და ბიძგი, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით წარიმართოს.